ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ენდიაის ბრენდის გამოყენება ხდება ისევ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ
ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ენდიაის ბრენდის გამოყენება ხდება ისევ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ

„ენდიაის“ ახალი კვლევა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ჩატარებული, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ის ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ატარებს კვლევას, პირდაპირ არის ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რა თქმა უნდა, „ენდიაი“ ჩვენთვის პატივსაცემი ორგანიზაციაა, ვინაიდან ის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სწორედ „ენდიაის“ ბრენდის გამოყენება ხდება ისევ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2012 წელს იგივე ორგანიზაციის, „იპსოსის“ მიერ იყო ჩატარებული კვლევები, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 10%-ს უწერდნენ, მაგრამ რეალურად, პარტიამ 60% მიიღო.

„ჩვენ გადავამოწმეთ და კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციამ ჩაატარა და არჩევნების წინა დღეს გამოაქვეყნა, ჩატარებული იყო არა საფრანგეთის, ანუ სათაო ოფისის მიერ, არამედ უკრაინის ოფისის მიერ. ამ კვლევის უკან იყო ვინმე ქალბატონი ბალევა, რომლის უფროსიც არის რუსი, ვინმე შულგინი. ანუ, რუსებს და უკრაინელებს ჩაატარებინეს ეს კვლევა და აქაც იგივე ხერხს მიმართეს. თქვეს, რომ თითქოს, საფრანგეთის ოფისმა ჩაატარა კვლევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები და მთავარი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.