ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ისა  და Emaar Properties-ის დამფუძნებელს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ისა  და Emaar Properties-ის დამფუძნებელს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ის დამფუძნებელს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტები მიმოიხილეს, რომლებში ინვესტირების სურვილიც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გამოთქვა.

„ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალს.

Emaar Properties-ი მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties-ი აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

Eagle hills-ი კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Eagle Hills-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი წევრი აჰმად თანი რასედ ალმატრუში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.