ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან რთულია, როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის უფრო მეტი ჩართულობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან რთულია, როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის უფრო მეტი ჩართულობა

პირადად მეც მაქვს გამოცდილი უცხოეთში ცხოვრება და მესმის, ძალიან რთული არის, როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს. ამიტომ აუცილებელი არის ჩვენი უფრო მეტი ჩართულობა, ხელისუფლების, მთავრობის, ეკლესიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენს დედა-ეკლესიას აქვს ძალიან დიდი როლი. პირადად ვიცი, რომ დიასპორები ორგანიზდებიან და იკრიბებიან ეკლესიის გარშემო. ანუ ბუნებრივად, ორგანულად ეკლესია არის გამაერთიანებელი ჩვენი ქართველების, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების. ამიტომ ჩემი სრული მხარდაჭერა ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს დიასპორებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს დიასპორები, რასთან დაკავშირებითაც არის მზაობა.

„მზად ვარ, საინტერესო ინიციატივებს ამუშავებს ბატონი ილია დარჩიაშვილი, პარლამენტი არის ჩართული აქტიურად. ჩვენ სამმხრივად – მთავრობამ, პარლამენტმა, საპატრიარქომ – უნდა შევიმუშაოთ თქვენი ჩართულობით ახალი ინიციატივები, ახალი პროგრამები და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ დიასპორები ადგილზე, ჩვენს ქვეყნებში,“- განაცხადა პრემიერმა.