ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, არ მოვერიდები ამის თქმას
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, არ მოვერიდები ამის თქმას

რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, არ მოვერიდები ამის თქმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მათი ფინანსები, მიღებული ფინანსებით მათი ქმედება, აქტივობა არის გაუმჭვირვალე.

„ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ, მაგრამ, ვფიქრობ, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება. შევეცდები, გულწრფელად და გულახდილად შევაფასო და საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი ერთგვარი ანალიზი, როგორ ვაფასებ ამ მოვლენებს, რა მოხდა. ალბათ უპრიანი იქნებოდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ საიდან დაიწყო ეს მოვლენები, რამ განაპირობა, რა იყო ამ აქციების ორგანიზების მაპროვოცირებელი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კანონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს შეეხებოდა უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად გუნდში იყო განხილული, მაშინ ჩვენ, ბუნებრივია, დავიწყეთ სხვა ქვეყნების ანალოგიების შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირში, რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ვიცით, რომ ახლა ბრიტანეთი მუშაობს, კანადაც. და სულ რამდენიმე კვირის წინ, მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებდით კანონპროექტის აქტიურად განხილვებს, საზოგადოებამ ნახა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება. ყველაზე დიდი პარტია – EPP, რომელიც ყველასთვის ცნობილია, „სახალხო პარტია“ იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი.

რა იყო მთავარი ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ ამ კანონის მიღების მიზანი – მე დეტალებში არ შევალ, ჩვენმა კანონმდებლებმა ძალიან კარგად განმარტეს ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც შინაარსი, დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამე მინდა, ვთქვა. იცით, რომ რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში მოქმედებს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას, და მათი ფინანსები, მიღებული ფინანსებით მათი ქმედება, მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამოცანაა, საზოგადოებამ იცოდეს, რას ემსახურება მათი საქმიანობა.

„მქონდა საუბარი რამდენიმე ჩვენს უცხოელ პარტნიორთან, მეგობრებთან და მათ მკითხეს, მაგალითად, რომელი არასამთავრობოს საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვთ თქვენ ან რომლის საქმიანობა იწვევს კითხვებს. რამდენიმეს ჩამოვთვლი, მაგალითად, ცნობილი თავისი დესტრუქციული ქმედებებით და პროვოცკაციებით, ე.წ. სირცხვილიას მოძრაობა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება იქნა განხორციელებული მათ მიერ, უშუალოდ მათ მიერ ან მათი თანამონაწილეობით. ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძებების ჩატარებას, ე.წ. პარადების ჩატარებას. ამან ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას. ორგანიზაცია „იემსი“, მაგალითად. შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიცი, რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იგივე „ისფედი“, რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა, მე ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რაც მათ შემდეგ აღიარეს. ჩვენი ამოცანა არის, ვიცოდეთ, იცოდეს ჩვენმა ხალხმა, რას ემსახურება მათი საქმიანობა. ეს იყო მთავარი მოტივაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.