ირაკლი ღარიბაშვილი - ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში, აგრესიული გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ ისეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ზურა ჯაფარიძე და სხვები
ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, აგრესიული გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ ისეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოფილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას არასოდეს არ დაუგმია ზღვარგადასული კამპანია და აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ.
„საერთოდ, ძალადობა არის მიუღებელი. ეს ცილისწამებებიც, შეურაცხყოფაც მიუღებელია. სათქმელი არ აქვთ, ვერ შემოდიან დებატებში, არ აქვთ არგუმენტები, არ აქვთ ფაქტები, ხელმოცარულები არიან და მხოლოდ გადადიან შეურაცხყოფებზე. მანდაც მდარე შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფას აკეთებენ და ჩანს, რომ საერთოდ გაუბედურებულები არიან და ფსკერზეა დღევანდელი დესტრუქციული ანარქისტული ოპოზიცია, ექსტრემისტული ოპოზიცია.
ძალადობა საერთოდ უნდა დავგმოთ ჩვენ, ამაზე პოლიცია რეაგირებას ახდენს დაუყოვნებლივ და, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია. მეორე მხრივ, ახლა გამოვიდა იგივე თქვენი ყოფილი ლიდერი გირჩი ზურა და საპატრიარქოზე ამბობს ისევ, აღარ გავიმეორებ და უწოდებს მტერს და ა.შ. ჩვენი მოსახლეობის 85% უჭერს მხარს საპატრიარქოს, თითქმის 2000-წლოვანი ქრისტიანული სარწმუნოების მქონე ქვეყანა ვართ, ერთ-ერთი უძველესი ერი. რომ გამოდიხარ და ლაპარაკობ ასეთ რაღაცებს, ეს მიუღებელია, ეს, როგორც მინიმუმ, არის ძალიან დიდი სიბრიყვე. დიდი მკრეხელობა და უბედურება რომ არის, ცალკე საკითხია, მაგრამ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვისაც და ყველასთვის. მგონი, ასეთი გამონათქვამები, მათ შორის, აღარ გავაგრძელებ და არ მინდა, რომ მეც ჩავერთო ამ კამპანიაში. საერთოდ მოგიწოდებთ, უფრო მეტი კორექტულობა და უფრო მეტი პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. თქვენ უნდა აჩვენოთ მაგალითი, აი, თქვენ, ვინც ხართ, შეიძლება, ასე აზროვნებდეთ და უნდა აჩვენოთ. აქვე მინდა, გავაკრიტიკო ყოფილი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომელიც გამოდიოდა, პარლამენტის წინ იდგა და ამბობდა, რომ მას ერჩივნა ბომბები ცვიოდესო, წარმოგიდგენიათ, როგორ აქვს მოწყობილი ადამიანს აზროვნება, როგორი ფსიქოლოგია აქვს და საერთოდ სად არის?! ამ ადამიანს არასოდეს არ დაუგმია ერთი ფაქტი, გამახსენეთ თუ შეიძლება, არასოდეს არ დაუგმია ეს ზღვარგადასული კამპანია, აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ, ჩვენი სარწმუნოების, რელიგიური გრძნობების მიმართ, არასოდეს. ეს რანაირი სახალხო დამცველი იყო, რა ხდება. ამიტომ მესმის, თქვენ რაც მკითხეთ, თუმცა, ვისურვებდი, რომ ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია შევამციროთ. ასეთი გამონათქვამებისგანაც უნდა შეიკავონ თავი ასეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა, როგორიც არის ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები, რომელთაც არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ, აბსოლუტურად არაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.