ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია

დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება მიუღებელია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ალბათ გახსოვთ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს, არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ, გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მარშის ორგანიზატორებს განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა.

„დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან. განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა, მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. ასეთი აქციები და ღონისძიებები ვფიქრობ, პირიქით ხელს უწყობს მათი ნიშნით, უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას. ამის შესახებ ჩემს გამოსვლაში, პარლამენტშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, სწორედ ეს არის ამ ადამიანების დისკრიმინაცია. ჩვენს მოსახლეობას არავისთან არ აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე, უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და ზოგადად, მინდა ვთქვა, თუ ოდესმე ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

აქციის მოწინააღმდეგეებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ესეც რა თქმა უნდა, არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. პროტესტის ფორმაც უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ჩავატაროთ მშვიდად. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოა, გვაქვს ჩვენი ტრადიციები, წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებსა და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართული, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მინდოდა, რომ ეს მოსახლეობისთვის მეთქვა და განმემარტა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.