ირაკლი ღარიბაშვილი - დაინტერესებული ვართ, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი
ირაკლი ღარიბაშვილი - დაინტერესებული ვართ, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი

დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში.

„მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში. ეს არის თქვენი რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. ასევე მინდა კმაყოფილებით ვთქვა, რომ მეც ორჯერ ვიყავი ერევანში ოფიციალური ვიზიტით. ეს მართლაც მიუთითებს ჩვენ შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და კეთილგანწყობაზე. მინდა, ამ განწყობისთვის, დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ სწორედ ჩვენი ინიციატივითა და მოლაპარაკებით, დღეს გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უკვე პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. ეს კომისია თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა.

ჩვენ ვართ დაინტერესებული, ჩვენ შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს.

ჩვენ შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყითა და სიამოვნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის არანაირი გაუგებრობა არ არის და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა.

ამასთან, დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი და სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა. მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებისთვის“, – განაცხადა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი