ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველი ბიჭები დაიღუპნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში, სანაცვლოდ მივიღეთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან თავისი პოლიტიკისთვის არავის გადაუხედავს
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველი ბიჭები დაიღუპნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში, სანაცვლოდ მივიღეთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან თავისი პოლიტიკისთვის არავის გადაუხედავს

ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში, სანაცვლოდ მივიღეთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან თავისი პოლიტიკისთვის არავის გადაუხედავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მისი მიზანია ქვეყნის გადარჩენა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ, ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ, სისხლი დავღვარეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში – ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. სანაცვლოდ რა მივიღეთ? ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ რუსეთთან მიმართებით თავის პოლიტიკაში. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მისი დაცვა, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ისლანდიაში შეხვედრებზე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან. ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი და უცხო არაფერი არ არის. განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, იყოს ვაჭრობა და ეკონომიკა, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ამ ქვეყნის მტერი. მთავარი არის შედეგი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე. საქმე არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, კიდევ უფრო განავითარებს ვაჭრობას. ყველაფერი შესაბამისობაშია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.