ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა

ტურიზმის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, წელს ძალიან წარმატებული გამოფენა მოეწყო ბერლინში, სადაც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ძალიან წარმატებულად ჩაატარა ეს გამოფენა.

„ტურიზმის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი), გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს უკვე სამ კვარტალში გვაქვს 3.3 მილიარდი დოლარი, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შედარებისთვის მინდა, გითხრათ, რომ 2012 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1,4 მილიონ მგზავრს. წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ. ამხელა ზრდა გვაქვს ტურიზმშიც ბოლო 11 წელიწადში“, – აღნიშნა პრემიერმა.