ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
„ვიზიარებ იმას, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ლიბერალიზაციის მიმართულებით. მზად ვართ, თქვენგან მოვისმინოთ კონკრეტული ინიციატივები, იდეები და განვიხილოთ, პარლამენტში ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. მთავრობაც მზაობას გიცხადებთ, რომ ჩავერთვებით ამ დისკუსიაში, მაგრამ ერთგვარი დაბალანსება უნდა მოხდეს, რომ არ წავახალისოთ მძიმე ნარკოტიკები, ვინაიდან ეს ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, შვილებს და მომავალ თაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სირცხვილია, რომ დღემდე საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონები მოქმედებს და საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონების შეცვლაზე იუსტიციის მინისტრი მუშაობს.
„ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივა სწორედ ამას შეეხება, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, 2020-2024 წლამდე არც ერთი საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონი არ იყოს და ჩანაცვლდეს თანამედროვე კანონებით, მოხდეს მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.