ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოტივაცია, ამბიცია არის, რომ ახლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოტივაცია, ამბიცია არის, რომ ახლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება

ჩვენი მოტივაცია, ამბიცია არის, რომ ახლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ოპონენტებს არ მიეცემათ საშუალება, რაიმე პროვოკაციები მოაწყონ.

„უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით საზოგადოებასა და პარტნიორებს. ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.

რა თქმა უნდა, ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა საარჩევნო კამპანია. ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რაიმე სახის პროვოკაციები მოაწყონ. ერთი-ორი გამონაკლისი იყო, ძალიან სამწუხაროა ძალადობის ეს ფაქტები და მე ამის თაობაზე საჯაროდ განვაცხადე. დმანისის მოვლენებზე მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან იყო ეს პროვოცირებული და დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალადობასა და პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად. მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.