ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე, ისინი დგანან ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში, საქართველო რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ვართ ურყევი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა მიმდინარე ოკუპაციაა.
„რაც შეეხება გამოწვევებს, ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე. ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, საქართველო დაუცველია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგულნი, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.