ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი შუამავლობითა და ამერიკის თანადგომით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა
ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და შეერთებული შტატების თანადგომით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება, ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. საქართველოსთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა. მთავრობა აგრძელებს, დაბალანსებულ, და, ამავდროულად ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოლიტიკას.
„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე, ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
„ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც ქვეყნის განვითარებაში, ასევე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციაში. ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.