ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი მთავარი საზრუნავია არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი მთავარი საზრუნავია არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობა

ჩვენ გვაქვს მოტივაცია იმისა, რომ ოზურგეთში ძალიან ძლიერად მოვიგოთ მეორე ტურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველი პარტიის ძალიან ღირსეულმა კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ ძალიან ძლიერი შედეგი დადო პირველ ტურში.

„მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2017 წელს, ჯერ კიდევ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ არჩევნები და რეალურად იქ გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი და მთელი ოთხი წელი მერი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. ასევე თიანეთში იყო სხვა კანდიდატი, რომელიც ასევე ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იყო. პრეცედენტი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ იყო მერი, დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2017 წელს. ახლა ჩვენი ამოცანაა, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ ძლიერად არჩევნები და ეს ორი მუნიციპალიტეტიც დავიბრუნოთ. ძალიან საინტერესო სტატისტიკა მოიყვანა არჩილ თალაკვაძემ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ოზურგეთის ბიუჯეტი იყო 17 მილიონი დაახლოებით და 44 მილიონამდე გავზარდეთ, მანამ, ვიდრე ჩვენი კანდიდატი იყო აქ მერი, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ოზურგეთს ჰყავდა დამოუკიდებელი კანდიდატი და ის მაინცდამაინც არ თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მოტივაციაც ნაკლები იყო და შესაბამისად, ნაკლები ინიციატივები მომდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლებიდან ცენტრალურ მთავრობაში. ეს ერთგვარი წყვეტა იყო კავშირისა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის. ახლა ჩვენ ამ ორ მუნიციპალიტეტშიც, ოზურგეთსა და თიანეთში გვეყოლება ჩვენი მერი, ჩვენი გუნდის წევრი და აღდგება ის კავშირი, ის ხიდი, რომელიც აუცილებელია, ცენტრალურ მთავრობას ჰქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რომ უფრო მეტი პროექტი დავუფინანსოთ ჩვენს მოსახლეობას, მეტი ყურადღება, მეტი ფინანსები წამოვიდეს და მეტი ინიციატივები განხორციელდეს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავია არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობა.

„ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, მოვაგვაროთ მათი პრობლემები, სიღარიბე, სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაო დავაფინანსოთ და მეტი საქმე გავაკეთოთ ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი