ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა.

თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილოც შენდება, რომელიც 1 000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. წლის ბოლომდე 200 ყაზარმას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატო-ს სტანდარტით იქნება მოწყობილი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დატოვე კომენტარი