ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ბულგარელ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი კრაზიმირ კარაკაჩანოვს ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.