ირაკლი ღარიბაშვილი - ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ რეალური მუქარები მომდინარეობს, ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ რეალური მუქარები მომდინარეობს, ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება

ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს. ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება.

„პლანეტა და მთლიანად ჩვენი კონტინენტი, შესაძლოა, ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე დადგეს. ამ ვითარებაში, როცა ჩვენი  დესტრუქციული არარაობები რაღაც პროვოკაციული ქმედებებისკენ მოგვიწოდებდნენ, ეს იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებებია, რამაც შეიძლება, საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ეკონომიკის ზრდა, განვითარება, მით უმეტეს, როცა ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას. მაგალითად, უკრაინაში ომი რომ ახალი დაწყებული იყო, ოპოზიცია მოითხოვდა, უკრაინიდან მიგვეღო თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მებრძოლებს, მეომრებს წაიყვანდნენ და ამაზე ნებართვა უნდა გაეცა მთავრობას. ანუ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მთავრობა, სახელმწიფო გამოდიოდა ჩართული კონფლიქტში. გესმით ამის მნიშვნელობა? მით უმეტეს მაშინ, როცა არცერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითია და სხვა უამრავი მაგალითი არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.