ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება

მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით, მადლობით, რადგან ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა გამარჯვების მოპოვება.

„მივესალმები საჩხერეს და ჩვენ საამაყო საჩხერლებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი პატივია დღეს ჩემთვის აქ ყოფნა, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში და მის ულამაზეს საჩხერეში. ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს. მის წარდგენამდე მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით, რადგან ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად მოგვეხსენება და გვახსოვს, რა ძალასთან გვქონდა მაშინ საქმე. ვთქვათ გულწრფელად და ღიად, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება. ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, ათასობით გაკეთებული ქველმოქმედებით სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის მიმართ. რომელ ქვეყანაში იცნობთ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს თავისი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი ემოციით მიუძღვნის საკუთარ მშობლიურ ქვეყანას. 3 მილიარდი დოლარი დახარჯული აქვს კაცს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ყოველდღე მადლობა ეკუთვნის.

ეს მავნებელი ოპოზიციონერები და ოპონენტები ყოველთვის გვახსენებენ და ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ თურმე არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების, ღირსების მოყვარული და მადლიერი, ერთგული ხალხი. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში არის მოღალატეც, მატყუარაც, უმადური და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უმრავლესობაში ვართ გაერთიანებული, უმრავლესობა ამ ღირებულებებით. ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პარტია, იმ პრინციპებსა და იდეალებზე, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა დაუტოვა ჩვენს პარტიას და მის ხელმძღვანელობას. პარტიაც, ხომ პირობითი ცნებაა, ანუ პარტია გასაგებია, მაგრამ ეს არის რეალურად საშუალება, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, ემსახურო შენს ქვეყანას და გაუკეთო კარგი საქმეები, კეთილი საქმეები შენს ხალხს და შენს ქვეყანას და მართლაც ამ პრინციპებითა და იდეალებით მოვდივართ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან. ამ გამარჯვებით ხალხმა ამოისუნთქა, თავისუფლება, ღირსება დაიბრუნა, რომელიც წართმეული ჰქონდა და ფეხქვეშ თელავდნენ ყოველდღიურად სააკაშვილის მეთაურობით ის მჩაგვრელი, რეპრესიული მმართველები და ადამიანები, რომლებიც დღესაც ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე სხვადასხვა საშუალებით. იქნება ეს მედიასაშუალებები, რაც მათი კონტროლის ქვეშ არის, თუ თავად გამოდიან და ათას ტყუილს და სიცრუეს ლაპარაკობენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქველმოქმედება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში გააკეთა, ფასდაუდებელია და შეუფასებელია.

„ვინაიდან დღეს საჩხერეში ვარ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ ვისაუბრო იმ უკიდეგანო ქველმოქმედებაზე, რომელიც ამ დიდმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ფასდაუდებელია, შეუფასებელია ის ქველმოქმედება, 20 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, განხორციელებული ქველმოქმედება. რეალური საქმით, ფაქტებით და კონკრეტული ისტორიებით. პოლიტიკამდე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს გამოარჩევდა მისი ქველმოქმედება და სამი მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს დახარჯული, ქვეყნის კეთილდღეობის, მოსახლეობის კეთილდღეობისთ მისაღწევად. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც ალბათ მას განუხორციელებია, ეს არის სწორედ პირველი ოქტომბერი. სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.