ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, დაძაბულობა, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შექმნა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, დაძაბულობა, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შექმნა

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, კონფლიქტი, არავითარი დაძაბულობა, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი.

„გუშინ ჩემს გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემო ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. როგორიც წარმოგვიდგენია – ერთიანი, ძლიერი, გაერთიანებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.

ახლა რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში: ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რომელიც, სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიები, კონტროლი ჩვენს ძირძველ, ისტორიულ ტერიტორიებზე. ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ კონფლიქტში შევედით, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირ ომი.

ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ბოლო 30 წლიდან, ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენ მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა. საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც არის მთავარი ფუნდამენტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.