ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? – იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი რვაწლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამის აღიარება ოპონენტებს არ სურთ, თუმცა მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს.
„როგორც თავდაცვის მინისტრმა, ვიცი, რა იმ ომის და უბედურების შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ომის შედეგად – დაკარგული ტერიტორიები, ჯარმაც რამხელა დანაკლისი განიცადა – ერთი მილიარდი ლარის ღირებულების შეიარაღება უბრალოდ გაქრა და ამბობენ, რომ რუსებმა წაიღეს ეს შეიარაღება. ეს არის ფაქტები მეგობრებო, ამიტომ, ჩვენ როცა დავდგებით საარჩევნო ყუთის წინაშე, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი.
არჩევანი დგას ქაოსს, დესტაბილიზაციას, ომსა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გაამყარებს იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა ვერ აარიდა 2008 წლის ომს.
„მინდა, გავიმეორო, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს დესტრუქციულ ოპონენტებს – ახალგორი, კოდორი, ათიათასობით დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ მძიმე წარსულს და მძიმე შეცდომას კი არა, დანაშაულს, ვიდრე ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან უნდა განიდევნოს.
„საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს ყველა, ნებისმიერი, სახელების გარეშე, დესტრუქციული ოპოზიციის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.