ირაკლი ღარიბაშვილი - ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე ცხრა წელია
ირაკლი ღარიბაშვილი - ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე ცხრა წელია

შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან. ბაღდათში ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე ცხრა წელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აქვე, მადლობა გადაუხადა მედიას რეგიონებში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრების აქტიური გაშუქებისთვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წელი არის უნიკალური შანსი რეალური, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

„მინდა, გავაკეთო შედარება, კარგად გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, როგორი მანიპულაცია, როგორი ძალადობა, აგრესია და ტერორი მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში და 55 ხმას კი არა, ყველას კარგად ახსოვს, ათასობით ხმას იპარავდნენ, ჩვენი მოსახლეობის ხმებს იპარავდნენ, ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გამოვიძიეთ ეს საკითხი, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა ამოვიღეთ, მაშინ კუდ-ის სპეციალური დანაყოფი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციებს და მიდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო ურნებში ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს. ეს ხელწერა იყო და განსხვავება ნახეთ დღევანდელ არჩევნებზე, ერთ-ერთი სანიმუშოა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ, ბაღდათის მოსახლეობა დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ხმას მისცემს ჩვენს კანდიდატს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. სხვა ალტერნატივა ქვეყანას უბრალოდ არ აქვს. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით. ცხრა წელიწადში ჩავატარეთ რვა არჩევნები, რვა არჩევნები მოვიგეთ და ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, ამ სამ წელიწადში რეალური, ხელშესახები ეფექტი და შედეგები ვნახოთ და ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ წარვდგებით პირნათელი ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.