ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება რომ არ გვეხილა, ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი და უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება რომ არ გვეხილა, ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი და უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია

ჩვენ რომ არ გვეხილა ევროპული საბჭოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი და უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობებისთვის ქვეყანამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.

„პირობების შესრულება არის ტექნიკური სამუშაო, რომელიც უნდა გავწიოთ. 99 პროცენტი ჩვენი გასაკეთებელია და ამას ჩვენ გავაკეთებთ. მაგრამ ის ერთი, მთავარი პირველი პირობა, უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ჩვენთან ერთად. ჩვენ ამის სრული მზაობა გვაქვს. დანარჩენი – ქვეყანა უნდა გაძლიერდეს, უნდა გავზარდოთ ეკონომიკა, ხალხის კეთილდღეობა, ყველა რეფორმა, რომელიც გასატარებელია, იქნება ეს ჰარმონიზაცია, თუ ზოგადად, მთელი სტანდარტებთან შესაბამისობა. ამისთვის გვჭირდება ძალიან მაგარი მუშაობა, მაგრამ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. არ გვჭირდება პოლარიზება და დაძაბულობა, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. ეს არის ჩემი პოზიცია.

რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას. ჩვენ რომ არ გვეხილა ასეთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება, მე ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს ვინაიდან, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.