ირაკლი ღარიბაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ღირსეული მამულიშვილის გაზრდისთვის
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ღირსეული მამულიშვილის გაზრდისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი გაიხსენეს.
„ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული გმირების ისტორიით და არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი, ვაჟკაცი, რომელმაც მართლაც ძალიან რთული პერიოდი გაიარა. ტრაგედია, რომელიც ამ ოჯახს შეემთხვა, არის თავზარდამცემი. ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ასეთი ღირსეული, ვაჟკაცი მამულიშვილის გაზრდისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
წილკანში დღეს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.