ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები და მოქალაქეები განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს და არა ვიწროპარტიული ინტერესებით გაჯერებული ადამიანები
ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები და მოქალაქეები განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს და არა ვიწროპარტიული ინტერესებით გაჯერებული ადამიანები

არჩევნები და მოქალაქეები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის ბედს და არა, ცალკეული, ვიწროპარტიული ინტერესებით გაჯერებული დესტრუქციული ადამიანები, – ამის შესახებ განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მან აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის, პარტიის, თუ პარტიის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ნებისმიერი გადახვევა კანონიდან და კონსტიტუციიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ცალსახად ჩვენი პოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, რაც ვიხილეთ, პიკეტირების მცდელობა მოხდეს კონგრესის შენობის თუ სხვა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის შენობების. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ შევდგეთ, როგორც ნორმალური და ევროპული სახელმწიფო, რაც უკვე დავადასტურეთ და ამ მიმართულებით მივდივართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ანტიდასავლური ქმედებები ხორციელდება.

„ჩვენ ვართ ევროპის, ამ დიდი ცივილური გაერთიანების მომავალი წევრი, ჩვენ გავხდით ასოცირებული წევრი, მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, გვაქვს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, აქედან გამომდინარე, ყველა ის ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება, რომელიც გამოხატული იქნა ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, გამოსავალი იმაშია, რომ ყველა ადამიანი, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა დაელოდოს არჩევნებს, რადგან ქვეყნის ბედს არჩევნები განსაზღვრავს.