ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურ ფაზაშია მუშაობა ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი მძლავრი პრაქტიკული მექანიზმია
ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურ ფაზაშია მუშაობა ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი მძლავრი პრაქტიკული მექანიზმია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია.

მისივე თქმით, დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისკენ.

„დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ჩვენი ქვეყნის საბოლოო ჯამში ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აქტიური მუშაობა, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ჩვენი სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად წარმატებით ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, იგივე „ჯიდიარპის“, რომლის ფარგლებში უკვე მომზადდა 6 ბატალიონი, ხოლო დარჩენილი 3 ბატალიონის აღჭურვა და მომზადება მომავალ წელს, ივლისის ბოლოს დასრულდება.

ჩვენი სამხედროების და პარტნიორების შეფასებით, ამ პროექტმა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხი, ის ბევრად უფრო მაღალია და უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში. „ჯიდიარპის“ პროგრამა და ნატო-საქართველოს კვლევებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეშვეობით, თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა, არა მარტო მოამზადოს ქვედანაყოფები ეროვნული მისიების შესასრულებლად, არამედ სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს.

ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციისთვის წვრთნა, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩავატარეთ, ტარდება, მიმდინარეობს პროცესი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსი, საერთაშორისო დონის გადასროლისწინა წვრთნები სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.