ირაკლი ღარიბაშვილი - „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, ეს ცათამბჯენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება, გახდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, ეს ცათამბჯენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება, გახდეს

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ, ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს, უნიკალური, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „აქსის თაუერსის“ (Axis Towers) გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „აქსის თაუერსი“ არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ერთობლივი პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით საქართველოში დეველოპმენტის, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ შეიძლება, იქცეს.

„ნახევარ მილიარდ ლარამდე, 150 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში ჩაიდო, ჩვენ ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. კიდევ ერთხელ, გილოცავთ. „აქსის თაუერსის“ მრავალფუნქციურობამ და განსაკუთრებით, ბიზნესცენტრის ამ მასშტაბმა ხელი შეუწყო ჭავჭავაძის გამზირის, ამ მონაკვეთის ბიზნესუბნად ქცევას. ეს ცათამბჯენი და ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება, გახდეს. რატომ? 2005 წელს, ანუ 17 წლის წინ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს და კრიზისის გამო, ეს პროექტი შეჩერდა. სწორედ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, ეს პროექტი განახლდა და დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ შედეგი დასრულებულია. ეს არის ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქში და კიდევ ერთი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავისი ინდივიდუალური სტილით, თავისი დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ადგილი გახდება ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ტურისტისთვის, სტუმრებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ქალაქს სტუმრობს. როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობის მატება, ისე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, დახვეწა, ასევე, ახალი საერთაშორისო დონის სერვისების დანერგვა, თუ ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადი მივიღოთ და შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ვიზიტორებს, ტურისტებს, მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება. განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე. ის ნამდვილად იძლევა წარმატებისა და სიამაყის საბაბს ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიისთვის, რადგან მსოფლიოს გამორჩეულ პროექტთა რიცხვს ეს ქართული პროექტიც შეუერთდება. ამ მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია, დაახლოებით 1 000 ადამიანი დასაქმდა და გარდა პირდაპირი დასაქმებულებისა, ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული, დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის იქნება დასაქმებისა და განვითარების ადგილი. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, როგორც ამ პროექტის იდეის ავტორს, ორგანიზატორებს, ინვესტორებს, ისე თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ უდავოდ განსხვავებული და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი კარგი მაგალითია, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის დაბანდება არის ნამდვილად წარმატებული, უსაფრთხო და მომგებიანი. კიდევ ერთხელ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშენებლებს, რომლებმაც ასეთი რთული ნაგებობა ააშენეს. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!“, – აღნიშნა პრემიერმა.

Axis Towers-ის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს „აქსის თაუერსის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე მეჟევიძემ, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და აღმოსავლეთ ევროპის „აკორ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსის დელარუფმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, Axis Towers-ი დეველოპერული კომპანია Axis-ისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს მოიცავს. Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, ოთხი სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 – მიწის ზემოთ მდებარეობს.

შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული, მე-19 სართულიდან კი „აკორ ჯგუფში“ შემავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ია გახსნილი. შენობაში გვხვდება საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით; ფიტნესსივრცე და სპაცენტრი, 12 რესტორანი და შვიდი ბარი; ასევე, საფეხმავლო ქუჩა და რეკრეაციული სივრცე.

„აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ი რეგიონის მასშტაბით პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია. Axis Towers-ის საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს, მის განხორციელებაში მონაწილეობა ასევე მიიღო „საქართველოს ბანკმა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.