ირაკლი ღარიბაშვილი - ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც შეეძლებათ
ირაკლი ღარიბაშვილი - ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც შეეძლებათ

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა.

„ცენტრი აშენდა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ერთად, მათთან თანამშრომლობითა და დახმარებით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკამ 4 500 000 დოლარი გამოყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო მნიშვნელობის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ-მეცნიერებისა და ინდუსტრიის სინთეზს, რაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. „განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ასევე მზარდი საგარეო დაფინანსება რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი წვრთნების გაზრდილი დინამიკა და სხვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრმა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.