ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს. ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე შეკითხვა უმრავლესობის დეპუტატმა ქეთი დუმბაძემ დაუსვა:

„ბატონო ირაკლი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პანდემია უკიდურესად მწვავედ შეეხო კულტურას და უმძიმესი შედეგები გამოიწვია, უმეტესობა მათგანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მინდა, მოგმართოთ და გადმოგცეთ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა თხოვნა კოვიდის რეგულაციების და აკრძალვების შემსუბუქების თაობაზე. გასული წლის 3 მარტიდან კულტურის ორგანიზაციები სრულად დახურულია, არ არის დაშვებული არც ღია ღონისძიებები და არც სარეპეტიციო საქმიანობა. რთული ვითარებაა სახელოვნებო წრეების – ქორეოგრაფიული, მუსიკალური, სამხატვრო წრეების ფუნქციონირების მიმართულებით. 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების და 15 თებერვლიდან სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის აღდგენასთან ერთად, იქნებ, დაისვას საკითხი – თეატრების, ანსამბლების, ორკესტრების სარეპეტიციო საქმიანობის აღდგენის შესახებ, რადგან თუ მათ ახლა არ მიეცათ რეპეტიციების საშუალება, აკრძალვების მოხსნის დროს არაფერი ექნებათ მაყურებლის წინაშე წარსადგენი. იქნებ, განიხილოთ გარე ღონისძიებების, თეატრების და კინოთეატრების გახსნის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაშიც მათი არგუმენტი მარტივია – თუ კლასში შეიძლება 20 ბავშვის ყოფნა, თეატრში მაყურებელი შეიძლება ორი სკამის გამოტოვებით განთავსდეს. და ბოლოს, იქნებ, დავფიქრდეთ სამუზეუმო საქმიანობის აღდგენის შესახებაც, მუზეუმებში რისკები მინიმალურია, რადგან ნაკადები გამდინარეა, რეგულაციები სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

დატოვე კომენტარი