ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე განაცხადი დაკმაყოფილდება
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე განაცხადი დაკმაყოფილდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე განაცხადი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მგონი, ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია, უადგილოა და, საერთოდაც, ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილი ჰქონდა მანამდე შეხვედრა, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.