ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება

დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, თუმცა ინვესტორის შემოსვლას მთავრობა არ დაელოდება და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა და აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე მუშაობა.

„დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი: ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ წელს დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე. ასე რომ, პოზიტიური სიახლეები ყველა მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.