ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ეკონომიკის სამინისტროს შვიდი წელია, არ აქვს თავისი შენობა, რაც, რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ლევან დავთაშვილთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ილია დარჩიაშვილი განახორციელებს. ამის თაობაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვით მომეხსენებინა თქვენთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24-საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტი – 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ აქტიური მუშაობისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველა ეს პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.