ირაკლი ღარიბაშვილი - 2030 წლისთვის საქართველო იქნება უფრო წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში გადავა, ვისაც ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება უნდა, ის არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მტერი
ირაკლი ღარიბაშვილი - 2030 წლისთვის საქართველო იქნება უფრო წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში გადავა, ვისაც ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება უნდა, ის არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მტერი

პრემიერ-მინისტრად როცა დავბრუნდი, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ეროვნული მნიშვნელობის საერთო დოკუმენტზე. ეს არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია, თუ როგორ მიდის ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე. ყველა მიმართულებით არის გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა განახორციელოს მთავრობამ და მთელმა გუნდმა. ყველა სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რა უნდა გააკეთოს და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი.

„2030-ისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვათა შეფასებებით, ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა, მთელი ევროპის მასშტაბით. შედეგად, როგორც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ, ძალიან მალე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში, მაქსიმუმ. ამიტომ ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. ამიტომ ჩვენ – და ეს ჩვენი ვალდებულებაა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.