ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი და გაზრდილია 1 850 ლარამდე, 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში
2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. გაზრდილია 1 850 ლარამდე, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით, ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი.
„მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ სტანდარტს – ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ. რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს, 2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1 850 ლარამდე არის გაზრდილი, ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2 000 ლარამდე. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. შეგახსენეთ, რომ სამი წლის წინ 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევძელით მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება. ჩვენ ვინარჩუნებთ ბიუჯეტის დაბალ დეფიციტს. წელს იყო 2.8%, გაისად იქნება 2.5%. ასევე, მინდა, მოსახლეობას, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ზოგადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მნიშნელოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი – 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბრის თვეში 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტით ზრდა, რა თქმა უნდა, კურსის ეფექტის ჩათვლით. 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბაკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2,8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით – 4,9 მილიარდ ლარს. წელს, ოქტომბერში, ეროვნული ვალუტით 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება“, – განაცხადა პრემიერმა.