ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ახლა ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გაიმარჯვოს
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ახლა ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გაიმარჯვოს

ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ და მას შემდეგ სტაბილურად და ღირსეულად ვიმარჯვებთ ყველა არჩევნებში, ჩვენ ახლა ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, პარტიის თითოეულ წევრს და ყველა მოქალაქეს, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს მმართველ გუნდს ბოლო რვა წლის განმავლობაში.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება. მხოლოდ იმერეთის რეგიონში, ბოლო რვა წლის განმავლობაში ოთხ მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების 12 ათასი პროექტი განხორციელდა. მთელი რეგიონის მასშტაბით ჩვენ არაერთი ხელშესახები პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს წყალმომარაგების პროექტი, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების, ბაღების, ამბულატორიების, ჰოსპიტალების, ახალი სასტუმროების მშენებლობა, რომელთა თანადაფინანსებაც ჩვენ, მთავრობამ განვახორციელეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა ისეთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები და ეფექტური პროგრამებით, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი, „დანერგე მომავალი“ და სხვა.

„ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა. სულ მცირე, 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მხოლოდ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სწორედ უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მასშტაბურ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, 32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ყველა რეგიონის განსავითარებლად, ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს თანაბრად და ყველა სიკეთე უნდა გადანაწილდეს თანასწორად. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რადგან ეს ქმნის სამუშაო ადგილებს, ანაცვლებს იმპორტირებულ საქონელს და იქმნება დოვლათი და კეთილდღეობა მოქალაქეებისთვის.

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად. ყველა რეგიონის მიხედვით შესწავლილი გვაქვს ის პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია. ტურიზმის მიმართულება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ, მოვიარეთ რა 12 უნიკალური მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონის, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მართლაც საოცარი ქვეყანა გვაქვს, უნიკალური ბუნებით, რესურსებით და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება ათვისება. ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო მუშაობს იმაზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას შესაბამისი, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც ამ მხარეს, ამ ულამაზეს რეგიონს გააჩნია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი