ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა
2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად იცვლება მთავარი წესები, რომლებზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და წესრიგი.
„დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ომი დაიწყო უკრაინაში, უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი არის უკვე ოკუპირებული. ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. შედეგად ასიათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია. ათმა მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა. შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა, ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ომის შედეგად იცვლება მთავარი წესები, რომლებზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ იცის, ზუსტად როდის დასრულდება ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე, როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, აგვისტოს ომი იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილებები და ყველაზე დიდი განსაცდელი, ომი აარიდა ქვეყანას.
„კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, საფრთხე იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები, მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული, ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება, ერს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი. ეს ყველაზე დიდი განსაცდელი, ომი ავარიდეთ და ავირიდეთ, ავიცილეთ თავიდან და მშვიდობიანად, გონივრულად, მტკიცედ გავიყვანეთ ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით, გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, ვახორციელებთ შესაბამის პრევენციებს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ქვეყანას. არცერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით, პირიქით, 24-საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან. ვიყავით სრულ კოორდინაციაში და, შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, პარტნიორები, ევროპელი, დასავლელი, ამერიკელი მეგობრები სრულად არიან ინფორმირებული ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ამოცანის, მიზნების შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.