ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, გადაცემა გამორიცხულია
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, გადაცემა გამორიცხულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არავინ ითხოვს.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინამ რომ მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა, ქართული მხარე აღნიშნულს გამორიცხავს.

„გამორიცხულია, 100 პროცენტით გიდასტურებთ, რომ ჯერ ერთი, არავინ არ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და სულ მცირე ექვსი წლის მოხდის მერე, შეუძლია, წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ექვსი წლით ყოფნა მოუწევს.

„დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე, კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი დახურულია.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.