ირაკლი ფავლენიშვილი – ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები საშიში იყო, გამოიწვევდა დასანქცირებას და ხელს შეუწყობდა სისტემის დემონტაჟის გარეშე ქვეყნის იზოლაციას
ქვეყანაში დიქტატურას როდესაც ამყარებ, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ და ჩართული ხარ ქმედებებში, რომლებიც არის გათვალისწინებული ევროპული კანონმდებლობით, ხდები სანქციების ობიექტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოსა თუ ევროპარლამენტის ყველა ახალ შეკრებაზე საქართველოს შესახებ უფრო და უფრო კრიტიკული განცხადებები ჟღერდება.
„ევროპას აქვს თავისი ნორმები და თავისი კონკრეტული მოქმედების წესი. როდესაც დიქტატურას ამყარებ ქვეყანაში, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ და ჩართული ხარ ქმედებებში, რომლებიც არის გათვალისწინებული ევროპული კანონმდებლობით, ხდები სანქციების ობიექტი. ამიტომაც არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები იყო საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და გამოიწვევდა ყველა მონაწილე პირის დასანქცირებას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობდა სისტემის დემონტაჟის გარეშე ქვეყნის იზოლაციასა და სანქცირებას.
გასაგებია, რომ ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, გაგრძელდება ასეთი უარყოფითი შეფასებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ახალ შეკრებაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა ორგანო, ჩვენ ველოდებით უფრო და უფრო კრიტიკულ და შემაშფოთებელ განცხადებებს. გასაგებია, რომ ეს ხალხი შეიძლება დასანქცირდეს, მაგრამ ამდენი ადამიანის დასანქცირება შემდგომში გააღრმავებს იზოლაციას სისტემის მოცილების გარეშე, რაც საქართველოს სრულ იზოლაციას უქადის. თორემ გასაგებია, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირება, რომლებმაც ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთეს, ამდენად შემაშფოთებელი არ იქნება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.