ირაკლი ფავლენიშვილი - „სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ დახიეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბანერი, არამედ „ნაცმოძრაობის“ ასიათასობით მებრძოლ იდეალისტს მიაყენეს შეურაცხყოფა
ჩვენი მარში გუშინ შეუერთდა ტელევიზიიდან წამოსულ მარშს. ამ მარშში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ვიცი, მათ შორის, „სოციალისტური მოძრაობის“ წევრები და ამ ხალხმა გაუგონარი რაღაცა ჩაიდინა – ხელი გაარტყეს და დახიეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბანერი, არამედ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ასიათასობით მომხრეს, მხარდამჭერს, საქართველოსთვის მებრძოლ იდეალისტს მიაყენეს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„„ქოცებს“ ვინმე ხელს თუ უწობს – ეს თქვენ ხართ. „ქოცებს“ ხმა თქვენ მიეცით, რამდენჯერმე მიეცით ხმა. მე ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც იმ მარშში იღებდა მონაწილეობას. ამ ხალხს ორჯერ, სამჯერ აქვს მიცემული ხმა „ქოცებისთვის“ და თურმე ჩვენ ვართ „ქოცების“ მოსვლაში დამნაშავე, „ქოცებს“ ხმა რომ მისცეს და „ქოცებს“ რომ ამართლებდნენ, ისინი არ ყოფილან დამნაშავე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, რეჟიმის დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების გარეშე არ გამოვა.
„თქვენი ათეულობით, ასეულობით ადამიანისგან შემდგარი მარში არ ეყოფა რეჟიმის დასრულებას. რეჟიმის დასრულება არ გამოვა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასიათასობით მომხრეს, რომელსაც ვერაფერი უქნეს ვერც დაკითხვებზე სიარულით, ბიზნესების წართმევით, სამსახურიდან გაგდებით, ყოველდღიური ბულინგით, ამ ასიათასობით ადამიანის, რომელიც მზად არის, წინა ხაზზე იდგეს, ამ ხალხის გარეშე აპირებთ ივანიშვილის დამარცხებას?! რამდენჯერმე ხუთი ათასი ლარით რომ დაგაჯარიმეს, არ შეედრება იმ პრობლემებს, რაც აქვთ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. თქვენ არ გესმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში რისი გავლა უწევს ამ ხალხს, ჩვენი პარტიის მომხრეებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იდეალების გარშემო გაერთიანებული პარტიაა.
„ამ კაცმა ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია, პირველად შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფოს პრეცედენტი, ეს არის ფაქტი. იყო შეუმდგარი სახელმწიფო, გადასახადები ვერ იკრიბებოდა და იმის მაგივრად, მადლობელი იყოთ, დიახ, თქვენი თაობიდან გამომდინარე… სწორედ მიშამ მოგცათ ეს შანსი, რომ თუნდაც უცხოეთში წასულიყავით განათლების მისაღებად, საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივ ფილიალებში გემუშავათ, შანსი მოგცათ, ევროპასთან გქონოდათ მჭიდრო ურთიერთობები, მათ შორის, ევროპარლამენტთან და ასე შემდეგ. ფიზიკურ ძალაზე, დახევა-გამოხევაზე რომ მიდგეს საქმე, ჩვენზე არც მეტნი ხართ, არც ჩვენზე ჯანზე ხართ და არც ჩვენზე მეტი გიბრძოლიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს ქვეყნისთვის ბრძოლას ვერ გვასწავლით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნერვები მოეშალათ. არ გეგონოთ, ისეთი რამე გქონდეთ გაკეთებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან გქონდეთ სათქმელი. გუშინ, სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე ეს ფაქტი, ჩვენი მარშისგან მოშორებით მოხდა, იქ რომ მომხდარიყო, სათანადო პასუხს გავცემდით. მიხეილ სააკაშვილი თუ პოლიტიკურ პატიმრად არ მიგაჩნია და იძახი, მიშას პლაკატს აქ რა უნდაო, დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის პროცესს რა გზა ჰქონია, უბრალოდ ვერ ხვდები. თუ „განქოცება“ გინდა, რეალურად უნდა „განქოცდე“. „განქოცება“, იცით, რას ნიშნავს? ჩვენ კი არ უნდა გადავხედოთ ჩვენს წარსულს, არამედ თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს წარსულს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.