ირაკლი ფავლენიშვილი – საქართველოში როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან

12:58, 20.10.2026

არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე და თბილისში ძირი ეთხრება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც, ეს იყო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და ქვეყნის მოკავშირეები არიან არა ირანი და რუსეთი, არამედ დასავლური სამყაროს ქვეყნები.

„ქვეყანაში სერიოზული ამბები ხდება. როდესაც არსებობს ასეთი კრიზისული მდგომარეობა, საფრთხე ემუქრება არამხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ეს გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა. როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს საქართველოში, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან.

შეიძლება, ხალხს მიაჩნდეს, რომ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან რუსები ან ირანელები, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან სწორედ ამ და სხვა იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დასავლური სამყაროს ნაწილები. ამიტომაც ჩვენ გავუზიარეთ მათ ჩვენი შთაბეჭდილებები და პოზიციები.

დასავლეთს ძალიან ბევრნაირად შეუძლია გამოხატოს მხარდაჭერა. მთავარი საქმე მაინც ქართველი ხალხის გასაკეთებელი გახლავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც საქართველო არ გახლავთ ევროპისგან განცალკევებით აღსაქმელი. არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. თბილისში ხდება ძალიან ბევრი რამ, ძირი ეთხრება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც და ეს იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).

მსგავსი