ირაკლი ფავლენიშვილი – საქართველოს ეროვნული ორგანიზმი და ქართული სახელმწიფო რომ გადარჩეს, აუცილებელია, საცხოვრებელ სახლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს
საქართველოს ეროვნული ორგანიზმი და ქართული სახელმწიფო რომ გადარჩეს, აუცილებელია, საცხოვრებელ სახლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, „შავი ფულით“ შენდება კორპუსები თბილისსა და ბათუმში და ამ კორპუსებში ძირითადად ცხოვრობენ არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
„„ოცნების“ რეჟიმი ებრძვის არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ქართულ ეკლესიასაც და სწორედაც რომ „ოცნების“ ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის წყალობით, დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება არა მხოლოდ ქართველ ერს, არამედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლსაც. მათ შორის, გახშირდა ორკესტრირებული შეტევები პროპაგანდისტების მხრიდან, „ოცნების“ პოლიტიკოსების მხრიდან ქართულ ეკლესიაზე. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, როდესაც ვსაუბრობთ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, ეს არის კონკრეტული ციფრები. 50 000 ადამიანი დაიბადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წელს, ახლა „ოცნების“ მმართველობის ბოლო წელს – 38 000 ადამიანი. ეს არის უდიდესი განსხვავება, მათ შორის, რაც არის ასახული ემიგრაციაშიც და ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელია ემიგრაცია. მათ შორის, შავი ფულით როცა თბილისში ან ბათუმში კორპუსები შენდება, ამ კორპუსებში ძირითადად ცხოვრობენ არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ახლა კიდევ დაანონსდა მუშახელის მასობრივად შემოყვანა ჩინეთიდან, არაბული სახელმწიფოებიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, გარდა ამისა, ეს არის უკვე ეგზისტენციალური საფრთხე მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის. ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იმისთვის, რომ გადარჩეს საქართველოს ეროვნული ორგანიზმი და ქართული სახელმწიფო, აუცილებელია რომ ამ საცხოვრებელ სახლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.