ირაკლი ფავლენიშვილი - ზურაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაც არ უნდა ბევრი შეუთანხმებლობა ჰქონდეს, ის დღესაც პოლიტიკური თანამდებობის პირია საერთაშორისო სამყაროსა და საზოგადოებისთვის
სალომე ზურაბიშვილს არა მხოლოდ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, არამედ მთელი დასავლური, დემოკრატიული, თავისუფალი სამყარო თვლის იმ ადამიანად, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ის ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, მათ შორის, ჩვენ პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი ჩართულობა პროცესებში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გზები ნამდვილად არ ყოფილა ერთიანი, მით უმეტეს, პარტიული კუთხით თუ ვიმსჯელებთ, მაგრამ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაც არ უნდა ბევრი დიდი შეუთანხმებლობა ჰქონდეს, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ეს ადამიანი გახლავთ პოლიტიკური თანამდებობის პირი დღესაც, საერთაშორისო თავისუფალი სამყაროსთვის და საზოგადოებისთვის. ე.წ პრეზიდენტთან, ყაველაშვილთან არავინ არ ლაპარაკობს, ხომ? ერთადერთი, ვისთანაც ლაპარაკის აზრს ხედავენ, რადგან აბსოლუტურად ყველაფერს განკარგავს, ივანიშვილია. მას მაკრონი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები უკავშირდებიან ან ცდილობენ დაუკავშირდნენ და სხვა მხრივ, სხვა ადამიანებთან საუბარს აზრი აღარ აქვს ფაქტობრივად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი ფავლენიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის ჩართული ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კონსულტაციები, რომელიც 29 დეკემბრამდე მასთან მიმდინარეობდა, გრძელდება თუ შეჩერებულია.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის საჭიროებაზე და გაუჩნდა თუ არა მას იმედგაცრუება არსებული ოპოზიციური სპექტრის მიმართ, თუნდაც იმ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ შორის წარმოებდა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ვერ უპასუხებს.
„მე მის ადგილას ვერ გიპასუხებთ, ნამდვილად არ ვიცი. მეც მაქვს ეს კითხვა, მეც მაინტერესებს, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ადამიანი. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ პირდაპირ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, ეს კითხვა სალომე ზურაბიშვილისთვის დაესვა, რადგან ოპოზიციური პარტიები მას რამდენჯერმე შეხვდნენ, ფავლენიშვილმა უპასუხა: „კი, მაგრამ ასე მკაფიოდ არ უთქვამს არასდროს და ამას ვამბობ, რომ კარგი იქნება, თქვას ალბათ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ აქვს პროტესტის მონაწილეთა ნაწილს, რომელშიც არ გულისხმობს ყველას, ოპოზიციური პარტიების მიუღებლობა, რატომ არის აქციაზე პასიურ როლში, სადაც მხოლოდ მონაწილეებად არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რატომ არ არის რუსთაველზე პოლიტიკური სცენა, სადაც არ არიან ლიდერები და არ გამოდიან სიტყვით, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის სახალხო პროტესტი.
„ყველას ვერც იგულისხმებთ. ორი რამ შემიძლია ვთქვა. ძალიან აქტიურად ვართ ჩართული და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი ძალიან აქტიური და მაგარი წევრი დააკავეს რამდენიმე დღის წინ აქციაზე. ყოველდღიურად, ფაქტობრივად, როცა ხდება ხოლმე დაკავებების სერია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც აკავებენ და ძალიან აქტიურად ვართ ჩართული პროცესში. პასიური ნამდვილად არ ვართ. რაც შეეხება იმას, რატომ არ ვართ ან პოლიტიკური სცენა რატომ არ არის და ასე შემდეგ, ამას აქვს ერთი ძალიან კონკტრეტული მიზეზი, ეს არის სახალხოობა ამ პროტესტის. თუ მიუღებლობა არსებობს ამ საზოგადოებაში და, სამწუხაროდ, ზიზღს და სიძულვილს თესავენ უკვე, ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.