ირაკლი ფავლენიშვილი – რეფორმათა საბჭო არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო, სააკაშვილი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში დაკავშირებულია რეფორმებთან, ამიტომ სიმბოლურია საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა
რეფორმათა საბჭოში შეიძლება იყვნენ პარტიის წევრები, ასევე არაპარტიული ადამიანები. ამიტომაც ეს არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რეფორმების საბჭოს მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმები ჩატარდეს ფუნდამენტურად, ძირეულად“.
„მათ შორის, შესრულდეს ის მიზნები, რაც გვქონდა დასახული ამ დღეების და კვირების განმავლობაში. ძალიან სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ამ საბჭოს ხელმძღვანელი. სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არის დაკავშირებული რეფორმებთან, რეფორმატორობასთან. შიდაპარტიული რეფორმირების დროსაც ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა აბსოლუტურად სიმბოლური და მისასალმებელი ამბავია. როგორც გაეცანით, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება აღმასრულებელი მდივანი. ზოგადად, რეფორმათა საბჭოში იქნებიან ახალგაზრდები, ძველი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ადამიანი, პარტიულები თუ არაპარტიულები.
ეს არ არის პარტიული საბჭო. საბჭო იზრუნებს, რომ გარდამავალ პერიოდში იქნეს გენერირებული რეფორმები. ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები. მათ შორის, იყო პრეზენტაციაც, არსებობს იდეები პარტიის ფუნდამენტურ განახლებასთან, რეფორმირებასთან დაკავშირებით. თავისი იდეები აქვს ნანუკა ჟორჟოლიანსაც, მათ შორის, პარტიის სხვა წევრებს. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ აქვთ იდეები. საბჭოს მიზანი იქნება ამ გარდამავალ პერიოდში რეფორმების სრული პაკეტის გენერირება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამასთან, როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, მალე გახდება ცნობილი, როდის ჩატარდება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.
„ჯერ არის გარდამავალი პერიოდი. მალე გავიგებთ, როდის ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები. ჩატარდება ყრილობა და დაკომპლექტდება დროებითი მმართველობითი ორგანო. ამიტომ თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ არის. გარდამავალი პერიოდია და ამ პერიოდში სწორება არის იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა გატარდეს. ამ რეფორმებისთვის არის შექმნილი შესაბამისი საბჭო, რეფორმათა საბჭო. რაც შეეხება დროებით ორგანოს, ეს ორგანო შეეცდება, გარდამავალ პერიოდში გაითვალისწინოს, მათ შორის, რეფორმათა საბჭოს რეკომენდაციები, მათ მიერ გენერირებული იდეები, პროექტები. შემდეგ ეტაპზე უკვე იქნება არა დროებითი ორგანო, არამედ ხელმძღვანელი პირები აირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისთვის““.
ფავლენიშვილის თქმით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიაში რჩება.
„როგორც ვფლობ ინფორმაციას და მან როგორც განაცხადა, რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აგრძელებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის დიდი სურვილია. მისთვის არასოდეს ყოფილა თავმჯდომარეობა ბრძოლის ერთადერთი ფორმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, – „მიხეილ სააკაშვილი ახსენებს საკონსტიტუციო სარჩელს, პარტიის აკრძალვასაც. შეიძლება, რომ ახალ პარტიადაც აღვიქვათ რეფორმათა საბჭო?“ – ფავლენიშვილმა აღნიშნა:
„იმხელა იდეის მატარებელი პოლიტიკური გუნდია, იმდენი იდეალისტი მხარდამჭერი ჰყავს, რომ ფორმალურად გაუქმება შეიძლება იყოს გამოწვევა, თუმცა ყველასთვის მარტივად მისახვედრია, რომ ეს ვერ გაანადგურებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი არის შეცვლილი. საქმე არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სარჩელზე, ყველაფერი ერთად არის გათვალისწინებული – ყველა გარემოება, რაც არსებობს ქვეყანაში, რამაც შეცვალა პოლიტიკური სისტემა, ლანდშაფტი საქართველოში და აბსოლუტურად ახალი გარემოებები წარმოშვა“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, – „რეფორმათა საბჭო ნაწილობრივ ახალი პარტიაც არის?“ – ფავლენიშვილმა უპასუხა:
„არა, ახალი პარტია არ მითქვამს, არასწორი ინტერპრეტაციაა. ყველა ელემენტს აქვს მნიშვნელობა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და იქნება. ის დაფუძნდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიერ, რომლებიც, საბედნიეროდ, დღემდე ამ პარტიის წევრები არიან და აპირებენ, მომავალშიც ამ პარტიის წევრები იყვნენ. ამიტომ ნამდვილად არ ფუძნდება სხვა და ახალი პარტია. პარტიას განახლება და რეფორმირება რომ შეუძლია, მიუხედავად ამდენწლიანი პრაქტიკისა, ეს მის სიძლიერესა და სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს“.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.