ირაკლი ფავლენიშვილი - პარტიაში ახალი სახე როცა ჩნდება, არ ნიშნავს, რომ ვინმე უკმაყოფილოა პარტიის მუშაობით, ყრილობაზე იქნებიან დელეგატები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ, რა ცვლილებები მოხდება
ირაკლი ფავლენიშვილი - პარტიაში ახალი სახე როცა ჩნდება, არ ნიშნავს, რომ ვინმე უკმაყოფილოა პარტიის მუშაობით, ყრილობაზე იქნებიან დელეგატები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ, რა ცვლილებები მოხდება

არა მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანს, არამედ სხვა პოტენციურ თუ მოქმედ წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვები, იდეები პარტიის რეფორმისთვის. ვინ უფრო შეძლებს თავისი იდეების დამტკიცებას, ამას ვნახავთ უახლოეს თვეებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავმჯდომარის ვინაობა პარტიის ყრილობაზე გაირკვევა და მას დელეგატები აირჩევენ.

„ჩვენს პარტიაში ცვლილებები მოხდება ყრილობაზე, ყრილობაზე იქნებიან დელეგატები, პარტიის წევრები, რომლებიც თვითონ განსაზღვრავენ, რა და როგორ მოხდება. ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ყველა წევრი კეთილგანწყობილია ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის წევრების ხილვით ჩვენი პარტიის რიგებში. არა მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანს, არამედ სხვა პოტენციურ თუ მოქმედ წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვები, იდეები პარტიის რეფორმისთვის. საბოლოო ჯამში, ვის უფრო მეტი მომხრე ეყოლება, ვინ უფრო შეძლებს თავისი იდეების დამტკიცებას უმრავლესობით, ამას ვნახავთ უახლოეს თვეებში. ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს და ნებისმიერ სხვა ადამიანსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი უნდა ამ პარტიისთვისაც და, ზოგადად, პროცესისთვისაც. არც ჩვენ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ მოხდეს პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით. ის რომ უკეთესის სურვილი აქვთ, არ ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ პარტიას ან პარტიის წევრებს. სხვა შემთხვევაში, არც დაუკავშირებდნენ თავიანთ ბედს ამ პარტიას, თუნდაც პოტენციურად.

თავმჯდომარის არჩევა ხდება დელეგატების მიერ, მანამდე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ვიდრე კონსულტაციები მიმდინარეობს, ახლა საჯაროდ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ. დიდი პარტიაა და შეიძლება, ბევრი მსურველი იყოს, ბევრი ჯგუფი იყოს, რომელთაც კონკრეტული კანდიდატი ჰყავთ. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. არჩევანს აკეთებს ის დელეგატი, რომელიც დაესწრება ყრილობას. როცა ყრილობა ჩატარდება, გავიგებთ, ვინ იქნება თავმჯდომარე. პარტიაში ახალი სახე როცა ჩნდება, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ვინმე უკმაყოფილოა პარტიის მუშაობით. ახალი სახე ყოველთვის კარგია პარტიისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ჯერჯერობით არ არის არსად დასახელებული, შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ ვის დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებას არ აპირებს.

„ალიანსის დატოვებას არ ვაპირებთ, რადგან არსებული ტაქტიკური მიზეზები არ შეცვლილა. ვართ ისევ წინააღმდეგობაში, ვართ პროტესტში, ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გვაქვს კონკრეტული შეთანხმებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, რა საარჩევნო ცვლილებები უნდა განხორციელდეს  სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. პიროვნული თავდასხმები არის ხელის შემშლელი ფაქტორი, ეს არასაქმიან გარემოს ქმნის ალიანსში. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებზე თავდასხმები თუ შეჩერდება, მაშინ შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ არ შეჩერდება, საქმიანი გარემო არ იქნება. თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არსად არ მივდივართ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.