ირაკლი ფავლენიშვილი - ნიკა მელიას გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით
ირაკლი ფავლენიშვილი - ნიკა მელიას გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით

ნიკა მელიას გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თვეებია, ეს შედეგი დამდგარია, უბრალოდ, გუშინ ნიკა მელიას მიერ მოხდა ამის გაფორმება.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ცხრა თვეა, ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით. თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ბატონი ნიკა არ განიხილება, უკვე თვეებია, თავისივე გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა, ნიკა მელია და მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ მათი მხრიდან გასაგებია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია, დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია, ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ, გუშინ მოხდა ამის გაფორმება. რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ მათ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით, ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.