ირაკლი ფავლენიშვილი - ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია
ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზე როდესაც ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიზანი, მათ შორის ევროპის კონტინენტზე დასახული არ იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ნატო-ს გაფართოების საკითხს, ფავლენიშვილის თქმით, ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინიც, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც.
„რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა თუ არ დამყარდა და მისი იმპერიული ამბიციების შეკავება არ მოხდა, შეუძლებელია სტაბილურობა და მშვიდობა მივიღოთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპის კონტინენტზე არის უწყვეტი მშვიდობა, ერთადერთი ვინც ეს მშვიდობა დაარღვია რუსეთია, რომელმაც ევროპის ტერიტორიაზე, უკრაინაში ბარბაროსული აგრესია განახორციელა.
რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებას, ნატო-ს გაფართოება, რა თქმა უნდა, მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინიც, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამისი ვარაუდი ძალიან რთული გახლავთ. საბოლოო ჯამში, იმის თქმა, რომ ნატო მუდმივად გაფართოვდება, ეს შეუძლებელია, მაგრამ ახლა ბოლო ტალღა იქნება თუ ბოლოსწინა, ამისი ვარაუდი ძალიან რთულია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“.