„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი

17:20, 05.08.2026

ირაკლი ფავლენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი, – ამის შესახებ გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობაზე მიიღეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის თანამდებობები და მმართველი საბჭოს სახით შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო.

„მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს ცხრა წევრისა. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს, სულ მცირე, 15 წევრის მიერ წარდგენილი იყო სხვადასხვა კანდიდატი ამ მმართველ საბჭოში. წარდგენილი იყო ცხრა წევრი, თუმცა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად. ამ ეტაპზე მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია რვა წევრით: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ჯერ არ არის პარტიის წევრი და არც პარტიის მმართველ ორგანოებში არ იღებს მონაწილეობას.

„კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც არაპარტიული შემადგენლობით – ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს საქმიანობაში. ირაკლი ფავლენიშვილი არჩეულ იქნა მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ. მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შესულია ყველა ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით ეხებოდა პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. ეს კომპეტენციები გაერთიანდა და ერთიანად აღასრულებს მმართველი საბჭოს კოლეგიალური ორგანო“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი