ირაკლი ფავლენიშვილი – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდა რუსული ტყუილისგან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო სისხლიანი ცხრა წელი, ეს იყო აღმშენებლობის, წესრიგის დამყარების ცხრა წელი
„ნაციონალური მოძრაობა“ არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი, ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია. ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის ცხრა წელს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა რიყის პარკში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გაწირა საკუთარი თავი და ქვეყნის სიყვარულის გამო ჩამოვიდა საქართველოში.
„მან ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან უყვარს ეს ქვეყანა, უყვარს ქართველი ხალხი. იცოდა, რას უპირებდა პუტინი საქართველოს, იცოდა, რას უპირებდა საქართველოს ივანიშვილი, ამიტომაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი. ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიგო, გათავისუფლდნენ მთავარი რუსული ტყუილისგან, რომ ის იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არა ძალადობის ან რაიმე ცუდის ცხრა წელი, არამედ იყო აღმშენებლობის ცხრა წელი, წესრიგის დამყარების, ქვეყნის განვითარების ცხრა წელი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. რიყის პარკში შეკრებილებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“. აქციის მონაწილეებს ასევე თან აქვთ ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ზვიად კუპრავას და გიორგი ბარამიძის ფოტოები.