ირაკლი ფავლენიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ ჩვენს პოზიციებს, არ ყოფილა ჩვენ მიმართ არანაირი შენიშვნები და არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ჯერჯერობით გაეცნენ ჩვენს პოზიციებს, არანაირი შენიშვნები ჩვენ მიმართ არ ყოფილა და არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რა ტიპის რჩევა და რეკომენდაცია ჰქონდათ ოპოზიციასთან შეხვედრისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოიწონეს თუ არა მათ არჩევნებზე თუ პარლამენტზე ბოიკოტის გზა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ასეთი საუბარი, რომ ვთქვათ, ეს მათთვის მიუღებელია, არ ყოფილა.
შეკითხვაზე, რატომ ამბობენ მაშინ „ლელოს“ ლიდერები, მაგალითად, გრიგოლ გეგელია, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის გზით და მათი გზავნილიც მან აღიქვა, როგორც ოპოზიციისკენ მოწოდება პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკური ინსტიტუტებში ჩართვის შესახებ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ხშირად ხდება, როცა კონკრეტული განცხადება აღიქმება ხოლმე საკუთარ პრიზმაში, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
„მათ შორის, „ლელოს“ აქვს პარტიული პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სურს, გამოირჩეს სხვა ოპოზიციისგან და ამას ეძახიან რაღაც პრაგმატულ პოლიტიკას, ზომიერ პოლიტიკას, თურმე ბოიკოტს აზრი არ აქვს. ბოიკოტს რას ეძახიან? პარლამენტში არჩევნები გაყალბდა და მე არ ვიცი, პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ამირჩია იმ ხალხმა, რომლისთვისაც ღალატის ტოლფასი იქნებოდა პარლამენტში შესვლა. მე ანგარიშვალდებული ნამდვილად არ ვარ არც ბრიუსელთან, არც ვაშინგტონთან, მე ანგარიშვალდებული ვარ ხალხთან, ვინც ამირჩია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში მისი პარტიის შესვლა არ არის დამოკიდებული ვაშინგტონზე, გრიგოლ გეგელიაზე და „ქართულ ოცნებაზე“.
„ვერ შევიდოდი ფიზიკურად, მართლა გეუბნებით. ეგ ვაშინგტონზე, გრიგოლ გეგელიაზე ან „ოცნების“ სხვა ადამიანზე, „ოცნებაზე“ კი არ არის. ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გასწირეს, რომ ხმა მოეცათ ჩვენთვის, რადგან არიან დევნის ქვეშ და მათთვის იყო ღალატი, პირდაპირ გეუბნებით. თქვენი კორესპონდენტი, შემიძლია, გავიყოლო ნებისმიერ რეგიონში ჩვენ ამომრჩეველთან შეხვედრაზე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მათი, სულ მცირე, 90 პროცენტი და მეტიც, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ეს იქნებოდა მათთვის ღალატი, სულში ჩაფუთხება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მაშინ რას ნიშნავს და რატომ გაჩნდა ჩანაწერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაში ფუნქციონალურ დემოკრატიაზე, ოპოზიციის საჭიროებასა და ოპოზიციის ვალდებულებაზე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის მიზანია, ამ ქვეყანაში დაბრუნდეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება.
„როგორ შეიძლება, მე არ მინდოდეს ეს არაჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, რეფორმების გატარება, კანონპროექტების წარდგენა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება? აი, ეს რომ დაბრუნდეს, ეს უნდა ამერიკას და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე კარგად ხვდებიან და ჩვენგანაც კარგად იციან, რომ პოლიტიკური პატიმრები თუ არ იქნებიან ამ ქვეყანაში, თუ რეპრესიული კანონმდებლობა არ იქნება და ადამიანების წამებაზე თუ ეს ხალხი პასუხისმგებელი იქნება, ჩვენ რაღაც იდეური ბოიკოტი კი არ გვაქვს; ბოიკოტი არასწორი ტერმინია უბრალოდ, ჩვენ იდეურად ის ხალხი კი არ ვართ, რომ პოლიტიკაზე უარის თქმა გვინდა, პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ და უნდა მოგვცენ ამის საშუალება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ აისახება ოპოზიციაში არსებული ვითარება მათ სამოქმედო გეგმაზე და ზოგადად პროტესტზე, რადგან ბოლო ორი თვეა, რაც ცხრა პოლიტიკური პარტიისგან ახალი ალიანსი შეიქმნა, საზოგადოება თვალს ადევნებს ჯერ ურთიერთთავდასხმებს, შემდეგ იყო ბრალდებები, ახლა კი ურთიერთობის ახალი ფაზა დაიწყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილსა და პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა მელიას შორის, რომელიც არცთუ ისე შორეულ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და მათი მხრიდან ისმის ძალიან მძიმე ურთიერთბრალდებები, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ როცა ივანიშვილის რეჟიმია მთავარი საფრთხე, სჯობს, ამაზე არ უწევდეს კომენტარის გაკეთება, თუმცა ოპოზიციაში აზრთა განსხვავებულობა მოსალოდნელია.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.