ირაკლი ფავლენიშვილი – არასოდეს არც ერთ პარტიაში არ ჩატარებულა თავმჯდომარის ასეთი კონკურენტუნარიანი არჩევნები, არ არსებობდა საქართველოს ისტორიაში ამდენი აზრი, ეს ჩემთვის პარტიის სიძლიერეა

23:41, 08.07.2026

ქალბატონი ნანუკა პარტიაში შემოსული იქნება თავისი ენერგიითა და ხედვებით, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მართალია, რეფორმათა საბჭო არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო, მაგრამ მის მიერ მიღებული, გენერირებული იდეები დიდწილად აღსრულებული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ვფიქრობ, ნანუკა ჟორჟოლიანს, რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი აქვს ის, რომ საქმე გაკეთდეს, მისი იდეები, თუნდაც მენეჯერული უნარ-ჩვევები, დადებითი თვისებები და ეს გამოიხატოს საბოლოო ჯამში პარტიულ საქმიანობაში. რაც შეეხება სტატუსს, არ მგონია, სტატუსი ვინმესთვის იყოს რაღაც, მით უმეტეს, ამ მოცემულობაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გახდა თუ არა პარტიის თავმჯდომარეობაზე უარის მიზეზი ის გარემოება, რომ პარტიის ლიდერთა ნაწილმა არ მოიწონა მისი განცხადებები, თუნდაც მისი კრიტიკული გზავნილები პარტიის მისამართით, პარტიის ალიანსთან ურთიერთობის კუთხით მისი შეფასებები, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კონსულტაციების შედეგად ასე გადაწყდა, რომ აჯობებს, გარდამავალ პერიოდში რეფორმათა საბჭო არსებობდეს, რომელიც მოახდენს იდეების გენერირებას. 

„ეს არ იქნება მხოლოდ პარტიის წევრებით დაკომპლექტებული, აქ უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ქალბატონი ნანუკა და ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაც პრობლემაა. პირიქით, ძალიან კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სიცოცხლისუნარიანობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არის აბსოლუტურად განსხვავებული და ამიტომაც, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს პასუხი.

„არ შეიძლება, რაღაც აბსოლუტურად, ძირეულად განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემაში და ლანდშაფტშიც იქცეოდე იგივენაირად, როგორც იქცეოდი თუნდაც რამდენიმე წლის წინ, აბსოლუტურად განსხვავებულში. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ამ მხრივ ცვლილებები, რეფორმები და ამ თანამედროვე გამოწვევებს დიახ, უნდა უპასუხოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილთან შეთანხმებული ჟორჟოლიანის გადაწყვეტილება, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„ყველა ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, არის შეთანხმებული და კონსულტაციების შედეგი. რა თქმა უნდა, მმართველობითი რგოლის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მიხეილ სააკაშვილიც იყო, სამწუხაროდ, შეზღუდული ფორმით, მაგრამ ჩართული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა კულუარულად მიღებული გადაწყვეტილებების პრობლემა მათ პარტიაში, რამაც განაპირობა ასეთი რეფორმების საჭიროება და, რასაც მისი კოლეგების ნაწილი აღიარებს, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ სადმე ყველაზე ნაკლებად თუ იყო გადაწყვეტილებები მიღებული ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“.

„მე მართლა გულწრფელად ასე ვფიქრობ, რომ არასოდეს, არც ერთ პარტიაში თავმჯდომარის ასეთი კონკურენტუნარიანი არჩევნები არ ჩატარებულა და არასოდეს, არც ერთ პარტიაში, საქართველოს ისტორიაში, ამდენი აზრი არ არსებობს ხოლმე. ეს ჩემთვის სიძლიერეა „ნაციონალური მოძრაობის“. ვიღაცები სისუსტედ აღიქვამენ, მაგრამ არა, ასე, ზოგადად, ახლა ავტორიტარები სისუსტედ აღიქვამენ ხოლმე იმას, რომ შეიძლება, განსხვავებული აზრები არსებობდეს და აზრთა შეჯიბრი არსებობდეს. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პარტიაში მუდმივად იყო ხოლმე პოზიციები, რომელიც ღიადაც კი გამოითქმებოდა. ზედაპირზე განსხვავებულ რაღაცებს შეიძლება, იძახდნენ ადამიანები, არა ფუნდამენტური იდეოლოგიური თვალსაზრისით, არამედ გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით. ეს ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სიძლიერეა. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები და ხარვეზები არსებობდა, ამას არავინ გაურბის, მაგრამ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევადარებ, რადგან იქ ეს ერთი კაცი მართავს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს ამ დისკუსიებში დროის ფლანგვას, ის აპირებს, გაძლიერდეს, უფრო მეტი ადამიანი ჩართოს ამ ბრძოლაში, მათ შორის უფრო მეტი ახალგაზრდა და იყოს ველზე, აპირებს, მუდმივად აქტიურობას.

მსგავსი