ირაკლი ფავლენიშვილი – არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი, რომ შეიძლება, ქვითარი ჰქონდეს ვინმეს, სადაც 40 მილიონი იქნება ამორტყმული, საუბარი კონკრეტულ ციფრზე კი არ არის, ჩვენ ვსაუბრობდით სქემაზე

00:24, 17.09.2026

მე არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე საუბარი, რომ  შეიძლება, რაღაც ქვითარი ჰქონდეს ვინმეს, სადაც 40 მილიონი თუ სხვა ნებისმიერი ციფრი იქნება ამორტყმული, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 40 მილიონის დაფინანსების ბრალდების დასადასტურებლად, რადგან თენგო თევზაძემ 40 მილიონთან დაკავშირებით ბრალდებებს ზღაპარი უწოდა და თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს უნდა ახსნას.

„მე პირადად თავს შევიკავებდი ამ კონკრეტიკისგან, ზოგადად. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს. უბრალოდ, საუბარი მაინცდამაინც ამ კონკრეტულ ციფრზე კი არ არის. ჩვენ ვსაუბრობდით სქემაზე. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია. მე პირდაპირ გეტყვით, რომ არსებობს ხოლმე ინფორმაციები, რომელიც მერე ძალიან მალე დასტურდება ხოლმე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაგმენტაცია-დასუსტება, როგორც მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის“.

„ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში, რომ დღემდე ასე გახლავთ, პოლიტიკურ სპექტრში ვის მოწონს და ვის არ მოსწონს, რომ მიხეილ სააკაშვილი რჩება ბიძინა ივანიშვილის მთავარ ოპონენტად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე წონადი კონკურენტი ივანიშვილის. ეს ორი ძირითადი არჩევანი არის ამომრჩევლის წინაშე, სხვა არჩევანი ჯერჯერობით არ ჩამოყალიბდა. არსებობს, თუმცა არ გახლავთ ეს ისეთი სოლიდური, სერიოზული და, მათ შორის, მხარდაჭერის მქონე. ივანიშვილს აქვს მიზნად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაგმენტაცია მოახდინოს და ამიტომაც, როცა იქ, შიგნით არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, არ ვიცი ახლა, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი ამბიციები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ იყვნენ უფრო მეტად ლიდერები და უფრო მეტად ცალკე ითამაშონ პოლიტიკურ ველზე, ამ ადამიანების ამბიციებს ხელს უწყობს ირიბად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, როცა ამბიციები არის, ყოველთვის ჩნდება ადამიანი, რომელიც „რაღაც ბმებით არის დაკავშირებული ივანიშვილის რეჟიმთან და ამაზე ათასი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს“.

„მერე ეს ადამიანი დიდძალი ფულადი რესურსით შემოდის და ეხმარება ამ კონკრეტულ ამბიციურ პოლიტიკოსებს „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან ახალი პოლიტიკური პროექტის დაწყებაში და მერე, შუა გზაზე ეს ხალხი ქრება თუ, არ ვიცი, ეს პოლიტიკური პროექტები იფუშება. აი, ეს არის ის პოლიტიკური დინამიკა, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ, აი, ამაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა, დააკონკრეტოს, რა გეგმა იყო ამ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღმა, მიზანი რა იყო და თვლის თუ არა, რომ ხელისუფლებასთან გარიგებული იყო პარტია „ახალი“, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ დეტალებში არ შედის.

„მე ამ დეტალებში არ შევდივარ. თქვენ ჟურნალისტი ხართ და გსურთ, ასე დასვათ საკითხი. ეს გასაგებია, უფრო სკანდალურ ელფერსაც ანიჭებს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ამაზე მინიშნებები გაკეთდა თავად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რაზეც ფავლენიშვილმა თქვა: „გასაგებია, რომ ჟურნალისტი ხართ და როგორც გინდათ, ისე დასვამთ კითხვას. მე კი არ გიპირისპირდებით, რატომ სვამთ ასე კითხვას-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის არის ძალიან მარტივი პოლიტიკური კომბინაცია, რაც არ უნდა განმეორდეს მომავალში“.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, მათი პოლიტიკური პოზიციაა, მეტ დეტალში არ შევიდნენ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ასე აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილიც, რადგან მან თქვა, რომ არ შეწყვეტდა ამ თემაზე საუბარს, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა: „არა, მან დაწერა სტატუსი, მოდი, სხვა თემებზე გადავიდეთ, აღარ ვაპირებ ამ თემებზე საუბარსო“.

მსგავსი